ყველა ნორმალურ ორგანიზაციაში (სადაც მხოლოდ პირადი ურთიერთობები არ განსაზღვრავს გავლენას) არის მთავარი მაგიდა, ან დირექტორის კაბინეტის ან სათათბირო ოთახში, გააჩნია როგორი მართვის სტილია ორგანიზაციაში ერთპიროვნული თუ გუნდური, სადაც ორგანიზაციის რესურსები ნაწილდება. ის, თუ ვინ რამდენ დროს ატარებს ამ მაგიდასთან, განსაზღვრავს, რა რესურსებზე აქვს მას წვდომა და რა ძალაუფლებას ფლობს იგი ორგანიზაციაში.
ვხუმრობთ ხოლმე კიდეც, დამლაგებელიც კი, რომელიც ალაგებს ამ მაგიდას და ჩაი შეაქვს იქ, გაცილებით უფრო გავლენიანი შეიძლება იყოს ორგანიზაციაში, ვიდრე რომელიმე მნიშვნელოვან ამოცანაზე პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიღაც განყოფილებაში მომუშავე, რომელიც შესაძლოა საერთოდ ვერ მოხვდეს ამ მაგიდასთან ვერასოდეს.
ისე კი ზოგადად ითვლება, რომ რაც უფრო ახლოა ადამიანი სტრუქტურულად გადაწყვეტილების მიღების ცენტრთან, მით მეტ დროს ატარებს ის მთავარ მაგიდასთან და შესაბამისად უფრო დიდია მისი გავლენა ორგანიზაციაში და მისი წვდომაც ორგანიზაციის რესურსებზე.
ყველაზე მეტ დროს მაგიდასთან ატარებენ დირექტორები, ამის შემდეგ ამ მაგიდასთან რიგში დგანან პირველ პირთან უშუალოდ დაქვემდებარებული სამსახურები, მხოლოდ ამის მერე მოდიან არა პირველ პირთან დაქვემდებარებული, მაგრამ მაღალი სტატუსის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. მხოლოდ ყველაზე ბოლოს დგანან სხვა დირექტორებთან დაქვემდებარებული დაბალი რანგის სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებიც წელიწადში ერთხელ ან რამდენიმეჯერ, ძირითადად დაუგეგმავად, მათი საკითხის რამე გარე მიზეზებით მნიშვნელოვანი გააქტუალურებისას ხვდებიან ამ მაგიდასთან, არაორგანიზებულად და უსისტემოდ.
ანუ, თუ გვინდა, რომ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ამოცანები მენეჯმენტის საკმარისი ყურადღებით და აუცილებელი რესურსებით უზრუნველვყოთ, მათზე პასუხისმგებელ ადამიანებს ან ამ ამოცანის მნიშვნელობის შესაბამისი სტატუსი უნდა მივანიჭოთ და ამით დავუჯავშნოთ ადგილი მთავარ მაგიდასთან, ან ისეთი რეგულარული შეხვედრების მონაწილეებად უნდა გავხადოთ ამ მაგიდასთან, რაც მათ მათთვის აუცილებელ ყურადღებაზე და რესურსებზე წვდომას მისცემს.