ის სამსახურები ან პოზიციები, რომელთა დასახელებაც ზოგადი და ბუნდოვანია, ამასთან ფუნქციას ასახავს და არა ამოცანას, უფრო პასიურები და რეაქტიულები არიან, როგორც წესი, ვიდრე სამსახურები ან პოზიციები რომელთა დასახელებაშიც მკაფიოდ არის ასახული ამოცანა, რომელზეც ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი არის პასუხისმგებელი მენეჯმენტის წინაშე.
ხშირად, სტრუქტურების კეთებისას, სავიზიტო ბარათზე ან LinkedIn-ის პროფილში რომ კარგად გამოჩნდეს სამსახურების ხელმძღვანელები, გვთხოვენ მათ ქვედანაყოფს ან პოზიციას რამე ლამაზი, გავრცელებული სახელი დავარქვათ – მარკეტინგის მენეჯერი, ანალიტიკური დეპარტამენტი, ტექნიკური დირექტორი, ოპერაციული დირექტორი და ა.შ.
ყოველთვის ვცდილობთ დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ასეთი ზოგადი სახელების დარქმევა დიდ გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე და სტრუქტურის გამართულ მუშაობას პოზიციების ბუნდოვანმა და არასწორმა დასახელებებმა შესაძლოა სერიოზულად შეუშალოს ხელი.
საქმე იმაშია, რომ რაც არ უნდა დაუწერო დებულებაში სამსახურს ან პოზიციას, სანამ სიტუაცია ძალიან არ გამწვავდება ყველა მაინც მისი დასახელების მიხედვით მსჯელობს – რა თემებზე ელაპარაკოს, რა დავალება მისცეს, რა შედეგს უნდა ელოდეს მისგან. ხშირად თვითონ ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანიც მისი საქმიანობისას სწორედ დასახელებიდან უფრო გამოდის, ვიდრე მისი დებულებიდან ან სამუშაოს აღწერიდან.
აი მაგალითად, ჩვენ ვამბობთ რომ მომსახურების დირექტორის ამოცანაა კლიენტების მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფა. ის გვთხოვს, მის პოზიციას ოპერაციების დირექტორი დავარქვათ. თუ დაგვითანხმა, მეორე დღიდან საკუთარ საქმედ ნებისმიერი მიმართულებით ოპერაციებში წამოჭრილი საკითხების მოგვარებას მიიჩნევს თვითონაც და სხვებიც ამ თემებით აწუხებენ. ის, რომ მომსახურების მაღალ ხარისხზე უნდა იზრუნოს მხოლოდ დროდადრო ახსენდება ყველას და ეგეც მას შემდეგ, რაც საქმე გაფუჭდება და პასუხისმგებლის ძებნას დაიწყებენ.
იგივე ხდება, როდესაც პროდუქტების განვითარების ან ბრენდის განვითარების სამსახურის ნაცვლად მარკეტინგის სამსახურის დარქმევას გვთხოვენ, წარმოების სიმძლავრეების განვითარების დირექტორის ნაცვლად ტექნიკური დირექტორის ან მთავარი ინჟინრის დარქმევას, კონკურენტუნარიანობის შეფასების სამსახურის ნაცვლად ანალიტიკური სამსახურის და ა.შ.