თანამშრომლებს შორის ამოცანების განაწილება ძალიან განსხვავდება ფუნქციების განაწილებისგან. ამოცანების განაწილება განსაზღვრავს ვინ რაზე ფიქრობს, ხოლო ფუნქციების – ვინ რას აკეთებს.
ორგანიზაციული მოწყობისას რაც უფრო სწორად გადაანაწილებს მენეჯმენტი ამოცანებს და არა ფუნქციებს თანამშრომლებს შორის, მით უფრო უკეთ შეძლებს მათი შემოქმედებითი და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებას.
ორგანიზაციებს ყველაზე მეტად მათი თანამშრომლების შემოქმედებითი და ინტელექტუალური რესურსის გამოყენება უჭირთ. არადა სწორედ ეს არის ის ამოუწურავი რესურსი, რომელსაც ყველაზე დიდ წარმატებებამდე ყველაზე სწრაფად მიყვანა შეუძლია. თანამედროვე ორგანიზაციების მართვის უმთავრესი გამოწვევა სწორედ ამ რესურსის უკეთ გამოყენებაა.
რაც დრო გავა წარმატებასაც სწორედ ის ორგანიზაციები მიაღწევენ და შეინარჩუნებენ, ვინც ამ ურთულესი ამოცანის უკეთ გადაწყვეტას მოახერხებს.
თუ ადამიანები ერთ კონკრეტულ ამოცანაზე არიან კონცენტრირებული და ძალაუფლებაც ისე აქვთ მიცემული, რომ ამ ამოცანის გადასაჭრელად საჭირო ფულად და სხვა სახის რესურსებზე უჩნდებათ წვდომა, ისინი იწყებენ ამ ამოცანების გადასაწყვეტად ფიქრს, იდეების გენერაციას, გზების ძიებას და ძალასაც პოულობენ საკუთარ თავში, რათა დიდი მონდომებით იმუშაონ.
ორგანიზაციული მოწყობისას სტრუქტურა ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ორგანიზაციის დანიშნულება და პრიორიტეტები პატარა ამოცანებად დავშალოთ. ეს ამოცანები თანამშრომლებს უნდა გავუნაწილოთ, თითოეულს ერთ კონკრეტულ ამოცანაზე დავაკისროთ პასუხისმგებლობა, და ისე უნდა განვალაგოთ იერარქიაში, რომ ამ ამოცანების პრიორიტეტულობის შესაბამისი ძალაუფლებაც მიიღონ. მაშინ ორგანიზაცია ერთ დიდ შემოქმედებით მანქანად გადაიქცევა, რომელიც ქვევიდან ზევით დაიწყებს იდეების და ინიციატივების გენერირებას და ადამიანების ინტელექტუალურ და შემოქმედებით უნარებსაც უკეთ გამოიყენებს.