ხელმძღვანელები ხშირად თვლიან, რომ დაქვემდებარებულებზე უკეთ შეუძლიათ გაიაზრონ საკითხი, ბევრად უკეთესი გამოსავალი იპოვონ სიტუაციიდან და უფრო მართებული გადაწყვეტილება მიიღონ. თანამშრომლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბევრ პრობლემას უქმნის ორგანიზაციებს და უამრავ შესაძლებლობას აკარგვინებს.
სამწუხაროდ ძალიან ბევრი ორგანიზაციის უმაღლესი და საშუალო დონის ბევრი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ქვეშევრდომებზე უკეთ ერკვევა იმ კონკრეტულ საქმეშიც კი რასაც ეს უკანასკნელნი ყოველდღიურად აკეთებენ, მათზე უკეთ შეუძლია გაიაზროს პრობლემა, სიტუაცია და უკეთესი გადაწყვეტილება მიიღოს.
ასეთი დამოკიდებულება იმის გარდა, რომ პროცესებს ანელებს, ხელმძღვანელის ოპერაციულ პროცესებში ჩართულობას ზრდის და ზოგადად, უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის მასზე ორგანიზაციას, თანამშრომლებში პასუხისმგებლობის განცდას ამცირებს, რაც ყველაზე დიდ ზიანს აყენებს თვითონ ამ თანამშრომლებსაც, ხელმძღვანელსაც და მთლიანად ორგანიზაციას.
საქმე იმაშია, რომ ხელმძღვანელის ასეთი დამოკიდებულებით ბევრი თანამშრომელი ბოროტად სარგებლობს. ბევრი მათგანი, იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები და იმოქმედოს, ამჯობინებს წავიდეს და ნებისმიერი საკითხი ხელმძღვანელს “შეუთანხმოს”. რომელიც “ჭკვიანური” რჩევის მიცემაზე თანამშრომლებს არასოდეს ეუბნება უარს. სინამდვილეში კი ამით გადაწყვეტილებას კი არ ხდის უკეთესს, არამედ თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა არათუ შეიმციროს არამედ სრულადაც მოიხსნას.
პასუხისმგებლობის განცდის შემცირება კი თანამშრომლებში საქმის უკეთ კეთების მოტივაციასაც მნიშვნელოვნად ამცირებს, კომპეტენციის დაგროვების ტემპსაც ანელებს და შესაბამისად მათზე მომავალში მეტი დელეგირების შესაძლებლობასაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერც თანამშრომლები გაიზრდებიან, ვერც ორგანიზაცია და თვითონ ხელმძღვანელებიც ბევრად მალე დაკარგავენ ამ ხალხთან და ამ ორგანიზაციაში მუშაობით სიამოვნების მიღების შესაძლებლობას.