ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამას წინათ გვთხოვა – ისეთი სტრუქტურის გაკეთებაში დაგვეხმარეთ, რომ თითოეული თანამშრომლისთვის ჩემთან მოსვლა ნებისმიერი საკითხით ძალიან ადვილი იყოს, მაგრამ არავის ჩემთან მოსვლა არაფერში სჭირდებოდეს, ისე აკეთებდნენ ყველაფერსო.
სამწუხაროდ, სტრუქტურის მნიშვნელობის ასეთი ზუსტი აღქმა ძალიან იშვიათია უმაღლეს ხელმძღვანელებში.
რაც უფრო ჰორიზონტალურია სტრუქტურა და კარგად არის აწყობილი ვერტიკალური კომუნიკაციის ფორმატები, ასევე რაც უფრო კარგადაა დაყვანილია შუა რგოლის ხელმძღვანელებამდე, რომ პრობლემებზე ხმამაღალი საუბარი ღალატი და ჩაშვება კი არ არის, არამედ გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი გზა, მით უფრო ადვილია რიგითი თანამშრომლისთვის ნებისმიერი საკითხით პირველ პირამდე მივიდეს.
მეორე მხრივ, რაც უფრო მკაფიოდ, პრიორიტეტების შესაბამისად არის ამოცანები ერთეულებზე გადანაწილებული და ძალაუფლება სტრუქტურაში ადამიანებს მათზე დაკისრებული ამოცანების პრიორიტეტულობის მიხედვით აქვთ მინიჭებული, მით უფრო ნაკლებად სჭირდებათ მათ ზედა დონის მენეჯერების შეწუხება საკუთარი საქმის კარგად გასაკეთებლად.
თუ ამ ორივე მოთხოვნას სტრუქტურა პასუხობს, ეს ნიშნავს რომ ის თავის საქმეს კარგად აკეთებს, პირველი პირი ოპერაციულ, ტექნიკურ თემებზე ნაკლებ დროს ხარჯავს და გაცილებით მეტად არის კონცენტრირებული სტრატეგიულ და განვითარების საკითხებზე.