როდესაც პირველ პირს და უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის სხვა წევრებს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ძალიან მოკლედ, ლაკონურად თქვან რა დანიშნულებას ასრულებს ორგანიზაცია, რისი კარგად შესრულებისთვისაც ის იღებს შემოსავალს, მოგებას და ზოგადად არსებობის და განვითარების უფლებას, როგორ შეძლებს ეს ორგანიზაცია რაციონალურად გამოიყენოს დრო და დანარჩენი რესურსები?
სამწუხაროდ ხშირად ისე ხდება, უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრები ისე არიან თავით გადაშვებული ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ ვერ ახერხებენ შეჩერდნენ, გვერდიდან შეხედონ მათ საქმიანობას, დასვან კითხვა და ერთად უპასუხონ რისთვის არსებობს ჩვენი ორგანიზაცია, რა სარგებელს ქმნის ის, რისთვისაც შემოსავალს იღებს? რა არის ის, რისი უკეთ კეთებაც ჩვენ მეტ ღირებულებას შეგვძენს სხვებისთვის, რაც თავის მხრივ მეტი სიცოცხლისუნარიანობის საფუძველი გახდება?
მენეჯმენტში ყველას აქვს ხშირად განცდა, რომ ეს ისეთი მარტივი კითხვაა, მასზე პასუხი ისედაც ყველასათვის ცხადია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება აღმოჩნდება, რომ ხელმძღვანელების უმეტესობას ამ საკითხზე ბუნდოვანი ან ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ.
არადა რამდენი დროის, რამდენი სხვა რესურსის ეკონომია, უფრო მიზანმიმართული გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი, რამდენად კოორდინირებული და შეთანხმებული გახდებოდა მენეჯმენტის მოქმედება, რამდენად დაჩქარდებოდა გადაწყვეტილებების მიღება და რამდენად სწრაფად დაგროვდებოდა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე ყველას მოკლე, ცხადი და შეთანხმებული პასუხი რომ ჰქონოდა.