როდესაც ორგანიზაციაში თანაბარი სტატუსის ადამიანებს შორის პასუხისმგებლობები ძალიან არათანაბრად არის განაწილებული ორგანიზაციის მართვა იშლება, შიდა კონფლიქტები მატულობს, პირველი პირებისთვის ინფორმაცია იწყებს დაკარგვას, შესაბამისად მათთვის სწორი გადაწყვეტილებების დროულად მიღებაც და აღსრულებაც სულ უფრო რთულდება.
ხშირად შეხვდებით შემთხვევას, როცა მოადგილეებს შორის ერთ-ერთს ძალიან დიდი საკურატორო სფერო აქვს, ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საკითხებს კურირებს, დანარჩენი მოადგილეები კი ერთ ან ორ თემას უწევენ კურირებას. აგრეთვე, დეპარტამენტებს შორის შეხვდებით განსაკუთრებით დიდებს, რომლებიც დანარჩენებს ზომითაც და მნიშვნელობითაც რამდენიმეჯერ აღემატებიან. ასეთ დაუბალანსებელ სტრუქტურას ორგანიზაციები ძალიან ბევრ პრობლემამდე მიჰყავს.
განსაკუთრებულად დიდი ძალაუფლების, პასუხისმგებლობის ერთეულის ხელმძღვანელები მათი თანაბარი სტატუსის, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლები ძალაუფლების კოლეგებს არასერიოზულად აღიქვამენ. არასათანადოდ უწევენ ანგარიშს მათ თხოვნებს და მათი ერთეულების ინტერესებს. ეს დროთა განმავლობაში ძალიან აფუჭებს პირად ურთიერთობებს და ფარულ დაპირისპირებებს უყრის საფუძველს.
შედარებით ნაკლები ძალაუფლების ხელმძღვანელები ვერ უწევენ ან არ უწევენ აქტიურ ოპონირებას მათ უფრო ძლიერ და დიდი პასუხისმგებლობის მქონე კოლეგებს, ცდილობენ არ შევიდნენ მათთან კონფლიქტში და ურთიერთობები არ გაიფუჭონ. ეს კი დროთა განმავლობაში უფრო უმართავს და უკონტროლოს ხდის ამ დიდი ზომის ერთეულებს.
ამას ისიც ემატება, რომ ასეთი ერთეულების ხელმძღვანელები ხელს უშლიან ერთეულის შიგნიდან გარეთ ინფორმაციის გასვლას, ისევე როგორც შემომავალ ინფორმაციასაც საკუთარ ფილტრში ატარებენ. ეს ამ ერთეულს კიდევ უფრო აცილებს დანარჩენი ორგანიზაციისგან.
ერთეულებს შორის პასუხისმგებლობის და ძალაუფლების დაბალანსებული განაწილება მართვის სტაბილურობას ეხმარება. პირველი პირის მეტ ინფორმირებულობას და ორგანიზაციის უფრო ადვილად მართვას უწყობს ხელს.