ხშირად, როდესაც ადამიანები საკუთარ სამუშაოს ჩვენი, ხელმძღვანელების, შეფასებით კარგად არ აკეთებენ პირდაპირ მათ შეცვლაზე ვიწყებთ ფიქრს. არადა უფრო მნიშვნელოვანია იმაზე ვიფიქროთ, რომ მათ სწორი დავალებები მივცეთ და უკეთ დავეხმაროთ მათ გადაწყვეტაში. ასე უფრო სწრაფად ბევრად უკეთესი შედეგები შეიძლება მივიღოთ.
ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. მას თუ სწორი დავალება ექნება, მკაფიო ამოცანა და ხელშეწყობა მის გადაწყვეტაში, თითქმის ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია ისწავლოს და ჩვენთვის მისაღები ხარისხით გააკეთოს. ეს მაშინაც კი, თუ ძალიან გამორჩეული არ არის ამ დავალების შესრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით.
როგორც ერთი ჩვენი კლიენტი ამბობს, დათვი ველოსიპედის ტარებას ორ წელიწადში სწავლობს თუ მას სწორად ემუშავები, და რომელმა ადამიანმა რა დავალების შესრულება ვერ უნდა შეძლოს, თუ მას ამაში დავეხმარებით და საკმარის დროს მივცემთ ამისთვის. მეორე საკითხია, რამდენად ნერვები, მოთმინება, გამძლეობა და დრო გვყოფნის ამას დაველოდოთ.
ძალიან ხშირად კი იმის მიზეზი, რომ ადამიანები ისე არ მუშაობენ, როგორც საჭიროა, სწორედ არასათანადო მართვაშია. ჩვენ მათ არამკაფიო ამოცანას ვაძლევთ, ან ბევრ ამოცანას ერთდროულად, ან არასათანადო ძალაუფლებას ვანიჭებთ ამ ამოცანის გადასაწყვეტად ან სათანადო კომუნიკაციის და კოორდინაციის ინსტრუმენტებს არ ვუქმნით სხვა კოლეგებთან უკეთ თანამშრმოლობისთვის, ან საჭირო ცოდნის დაგროვებაში არ ვეხმარებით სათანადოდ.
სწორედ ამიტომ, სანამ ადამიანს სამსახურიდან გავუშვებთ ან პოზიციას შევუცვლით, ალბათ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამდენად ცხადია მისი ამოცანა და რამდენად აქვს სათანადო პირობები მის შესასრულებლად.