რაც უფრო მეტ პრინციპზე არსებობს შეთანხმება მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის, რაც უფრო ცხადად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ორგანიზაციაში ფასეულობების სტრუქტურა, მით უფრო ადვილია მიმდინარე ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება.
გადაწყვეტილებების მიღება ადვილია ამ დროს არა მარტო პირველი პირებისთვის, არამედ შუა რგოლშიც, და რიგით თანამშრომლებზე ბევრად მეტი გადაწყვეტილების დელეგირება შეიძლება. ორგანიზაციაც მწყობრად და შეთანხმებულად მოქმედებს და ბევრად მეტ და ურთიერთშესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს.
ერთადერთი, ხანდახან ძალიან ძნელია დარჩე შეთანხმებული პრინციპების ერთგული, იმდენად დიდია უკეთესი მოკლევადიანი შედეგების მოტივით მათი დარღვევის ცდუნება. მაგრამ ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ცდუნებას უძლებენ, უფრო დიდხანს არსებობენ და მეტ წარმატებასაც აღწევენ საბოლოოდ.