ვფიქრობთ, თუ სახელმწიფო მკაფიო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს დიასპორებთან მიმართებაში და იტყვის, რომ მათი ლოიალურობა ქვეყნის მიმართ, მათი მზრუნველობა საქართველოზე და ქართველებზე პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მზრუნველი იქნება სახელმწიფო მათდამი, რამდენად დაეხმარება იგი იქ დამკვიდრებაში და გაძლიერებაში. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სამშობლოსადმი მათ დამოკიდებულებას. მათ მიერ ქვეყნისათვის გაკეთებული კარგი საქმის მოცულობასაც რადიკალურად გაზრდის.
როგორც ცნობილია, ქართული დიასპორა ბავრად უფრო ნაკლებად მონაწილეობს საქართველოს განვითარებაში, ვიდრე ამას სხვა ძველი ერების დიასპორები აკეთებენ. უფრო მეტიც, როგორც ამბობენ, უცხოეთში მცხოვრები ქართველები მაქსიმალურად ერიდებიან ერთმანეთთან კონტაქტსაც კი. ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს დიასპორებს, და შესაბამისად, მათი მხრიდან ქვეყნისათვის დახმარების შესაძლებლობებსაც.
თუ სახელმწიფო ასეთ პოლიტიკას ნათლად ჩამოაყალიბებს, თუ შეიქმნება სპეციალური საინფორმაციო და საკოორდინაციო ცენტრები, რომლებიც ეცდებიან იმ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების ყოფაში, პრობლემებში გაერკვიონ, ჰქონდეთ მათ შესახებ სრული ინფორმაცია, ეს ბევრად დაეხმარება ქართულ ბანკებს და სხვა კერძო კომპანიებს უფრო აქტიურად იმუშაონ მათთან.
მათი მეშვეობით კი მართლაც ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება: პროდუქციის უფრო აქტიური გატანა, პატარ-პატარა, მაგრამ ბევრი ინვესტიციის მოზიდვა, საქართველოს უკეთესი პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა იქიდან და ა.შ. ამისათვის, უბრალოდ, საჭიროა ქვეყანამ გადადგას ნაბიჯი, დაინტერესდეს, რითი შეუძლია მათი დახმარება და ეცადოს, რომ ამისთვის შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთოს.
მთავარი მაინც პრინციპია. რაც უფრო ძლირები იქნებიან ისინი იქ, რაც უფრო დიდი იქნება ამაში საქართველოს წვლილი მით უფრო ბევრად დიდი იქნება როლი, რომელსაც ისინი ქვეყნის განვითარებაში შეასრულებენ ამჟამად. მომავალში კი მათი კეთიდღეობის ზრდა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყნისათვის აქედან მიღებულ დადებით ეფექტებს.