ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება დროთა განმავლობაში აითი ინტეგრატორებმა საქმიანობის მოდელიც შეცვალონ და დარგობრივი კომპეტენციების დაგროვება დაიწყონ მათთვის ყველაზე პერსპექტიულ დარგებში.
დღეს ინტეგრატორების უმრავლესობას ვენდორზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელი აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰყავთ სტრატეგიული პარტნიორები, მომწოდებლები, რომელთა გადაწყვეტილებების დანერგვაზე და გავრცელებაზე მუშაობენ საქართველოში. განვლილმა პერიოდმა ცხადად აჩვენა, რომ ბაზრის სიმცირე და ზომებსა და შესაძლებლობებში დიდი განსხვავებები ასეთი მიდგომის გამოყენების პერსპექტივას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ვენდორზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელი კლიენტზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელით შეიცვალოს. ანუ ინტეგრატორები უნდა ეძებდნენ იმ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც კომპლექსური აითი გადაწვეტილებით ყველაზე მეტ ღირებულებას შექმნის, ისწავლონ ყველა ცალკეულ შემთხვევაში საუკეთესო მომწოდებლის პოვნა, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და მათი დახმარება ეფექტურად დანერგონ თავისი სისტემები საქართველოში და შემდეგში მუდმივად განაახლონ და განავითარონ ისინი.
ასეთი მოდელი ინტეგრატორებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი პროექტი განახორციელონ, განსხავავებულ, უფრო ღირებულ კომპეტენციებს დაუგროვებს და განვითარებასაც უფრო ადვილად შეძლებენ.
თუმცა მეორეს მხრივ, საქმიანობის მოდელის ასეთი ცვლილება მათგან პრიორიტეტული დარგების არჩევის საჭიროებას შექმნის, ვინაიდან შეუძლებელი იქნება ყველა სფეროში ეძებო პრობლემები და შესაძლებლობები. განსაკუთრებულად საინტერესო დარგები ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, შეიძლება იყოს:
ა) მუნიციპალური დონის ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებები. ბევრი ქალაქი საქართველოში ახლა იწყებს ინფრასტრუქტურის განვითარებას. შესაბამისად მათ კარგი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შერჩევაში და დანერგვაში დახმარება დაჭირდებათ.
ბ) საბანკო საოპერაციო გადაწყვეტილებები. ბანკების უმრავლეოსობა ამჟამად ადგილობრივი წარმოების პროგრამული უზრუნველყოფით მუშაობს. ეს ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს ამ მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებას. შესაბამისად, სავარაუდოა, ვინც ბანკებს მათთვის ეფექტური სისტემების მოძიებაში და დანერგვაში დაეხმარება, ღირებულ საქმეს გაუკეთებს მათ.
გ) სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი და კვების მრეწველობის სისტემები. ამ დარგის საექსპორტო პოტენციალის გამოყენებას ეფექტური თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გარეშე ვერ შეძლებს.
დ) რთული სამედიცინო-დიაგნოსტიკური და სამკურნალო სისტემები, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც რეგიონალური მასშტაბით შეუძლია განვითარდეს. შესაბამისად ამ მიმართულებით არსებული გადაწყვეტილებების ძებნა და შესწავლა ასევე პერსპექტიული უნდა იყოს ქართული ინტეგრატორებისათვის.
თუ ინტეგრატორები სამუშაო ჯგუფებს შექმნიან ამ ან სხვა დარგების მიხედვით და ადგილობრივ ბაზარზე არსებული პრობლემების შესწავლას დაიწყებენ, აგრეთვე დაიწყებენ ინფორმაციის მოგროვებას მსოფლიოში ამ მიმართულებებით არსებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათი კომპანიების განვითარების პერსპექტივებს გაცილებით ცხადს და საინტერესოს გახდიან.
წარმატებებს გისურვებთ