ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



მოთმინებით დალოდების უნარი

არიან ხელმძღვანელები, რომელთაც აქვთ უნარი, მოთმინებით დაელოდონ იმ მომენტს, როდესაც მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უკეთესი გარემო ჩამოყალიბდება და როდესაც იმავე გადაწყვეტილებას სულაც სხვა ადამიანები როგორც თავისას თვითონვე მიიღებენ. ეს კიდევ უფრო ზრდის ამ გადაწყვეტილების არათუ მიღების, არამედ სწრაფადვე განხორციელების შანსებს. ასეთი ხელმძღვანელები შესაძლოა ნელა მოქმედებენ, მაგრამ გაცილებით უფრო შორს მიდიან და უფრო დიდ წარმატებასაც აღწევენ.

მოთმინებით დალოდების უნარი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული უნარია ხელმძღვანელისთვის. ისინი, ვისაც ეს უნარი ნაკლებად აქვს განვითარებული მუდმივად ჩქარობენ, თავსაც და სხვებსაც უაზროდ ღლიან და  სტაბილურ შედეგებს მაინც ვერ აღწევენ.

მოგვიყევით განსაკუთრებული მოთმინებით დალოდების მაგალითები, თუ ეგეთი რამე გახსენდებათ, თქვენი ან თქვენი ნაცნობების გამოცდილებიდან.

სწორ რუტინას წარმატება მოაქვს

როგორც ადამიანის, ისე ორგანიზაციის წარმატებას დიდ ნაწილში განსაზღვრავს რამდენად სწორად აქვს ორგანიზებული მისი რუტინა და რამდენად დისციპლინირებულად ახერხებს ამ რუტინის დაცვას.

რომელ საათზე იძინებს ადამიანი, რომელზე იღვიძებს, რომელ საათებში იკვებება, როდის ფიქრობს, როდის შეხვედრებს ატარებს, როდის წერს, კითხულობს, როდის ფიზიკური აქტივობით არის დაკავებული, განაპირობებს მისი პირადი პროდუქტიულობის ხარისხს და შედეგზეც შესაბამისად აისახება.

ზუსტად ასევეა ორგანიზაციების შემთხვევაშიც: როდის რა შეხვედრა ტარდება, ვისი მონაწილეობით, როგორ იწყება ეს შეხვედრები და როგორ ვითარდება, ხელმძღვანელები და რიგითი თანამშრომლები როგორ იწყებენ დღეს, როგორ იღებენ მონაცემებს, როდის ვისთან ერთად და რაზე დაყრდნობით იღებენ დღის განმავლობაში გადაწყვეტილებებს, ორშაბათს რა ხდება განსხვავებული, სამშაბათს რა, ოთხშაბათს რას აკეთებს კომპანია, რაზე მსჯელობს და რასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას, დილას რა ხდება, შუადღისას რა და საღამოს სამუშაო დღე რითი მთავრდება – ეს არის მოქმედების ის სქემა, რომლის სწორად შექმნასა და მერე დისციპლინირებულად დაცვას ორგანიზაციების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი წარმატებების მოტანა შეუძლია.

პროფესიონალიზმი იმით იზომება, რამდენად კარგად აკეთებს ადამიანი მისი საქმის მისთვის ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო ნაწილს

ყველა ადამიანი საკუთარი საქმის რაღაც ნაწილს განსაკუთრებული მონდომებით და ხარისხით აკეთებს. თითქმის ყველას აქვს რაღაც ნაწილი, რომელიც ძალიან მოსწონს, მონდომებით მუშაობს მასზე და განსაკუთრებით კარგადაც გამოსდის. ამ ადამიანების მიერ შექმნილ პროდუქტს ეს ნაწილი განსაკუთრებით ძლიერი აქვს, რაც ლოგიკურიცაა პრინციპში. მაგრამ ამ პროდუქტს ფასს და ღირებულებას უმცირებს საქმის ის ნაწილი, რომელსაც ავტორი ნაკლები მონდომებით, ნაკლები ხალისითა და სიამოვნებით აკეთებს. სწორედ იმის მიხედვით ამ ნაწილს, ვინ როგორი ხარისხით აკეთებს, მისი საბოლოო პროდუქტი გამოდის უფრო პროფესიონალური და ხარისხიანი.

შესაბამისად საბოლოო პროდუქტიც იმას უფრო სრულყოფილი აქვს, ვინც მისთვის საქმის ყველაზე არასასიამოვნო ნაწილს უფრო მონდომებით და პროფესიონალურად ასრულებს. და პროფესიონალიზმის ხარისხიც სწორედ საქმის ამ ნაწილით ფასდება ყველაზე უფრო უკეთესად და არა იმ ნაწილით, რომელსაც უფრო მეტი სიამოვნებით და მონდომებით ვაკეთებთ.

თქვენ გაქვთ თქვენი საქმის ნაწილი, რომელიც არ გიყვართ? და როგორ ახერხებთ მაინც მონდომებით იმუშაოთ მათზე, გაგვიზიარეთ გამოცდილება.

თუ გინდა, რომ უფრო მეტი გაყიდო, უნდა ყიდო ისე, რომ არ მიყიდო

პირდაპირი შეთავაზებებით, პროაქტიული გაყიდვებით ყიდვა სულ უფრო არაეფექტიანი ხდება, მეტ რესურსს ითხოვს და შედეგიც უფრო და უფრო ნაკლები მოაქვს. მისახვედრად და გასაკეთებლად უფრო ძნელია, მაგრამ თუ მივხვდებით როგორ და როგორი სიგნალები უნდა გავაგზავნოთ, რომ თვითონ გამოგვეხმაუროს ვისაც ჩვენი პროდუქტი ან მომსახურება სჭირდება, ბევრად ეფექტიანი გახდება გაყიდვების პროცესი და გაყიდვითაც გაცილებით მეტი გაიყიდება.

რეაქტიული გაყიდვები ალბათ სულ უფრო ჩაანაცვლებს პროაქტიულს და გაყიდვების დიდი გუნდების დროც ნელ-ნელა სავარაუდოდ დასრულდება.

როცა ვერ ხვდები ხელმძღვანელი რომელია

თუ უყურებ გუნდის მუშაობას და ვერ ხვდები რომელია მათ შორის ხელმძღვანელი, ე.ი. ამ გუნდს ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს. თუ არავინ არ არის, ვინც დავალებებს იძლევა, თუ არავინ არ არის, ვისთანაც მიდიან და რაღაცებს ათანხმებენ, თუ არავინ არ არის, ვინც რიგებს შორის დადის და თანამშრომლების კომპიუტერის ეკრანებს აკვირდება, თუ არც უსაქმურად ზის ვინმე და სხვებისგან წამოსულ დავალებებს ელოდება, როცა არც შეხვედრებს იწვევს ერთი და იგივე ადამიანი, არც მენტორის ტონით და გამოხედვით მოძრაობს ვინმე, ე.ი. ამ გუნდის ხელმძღვანელი სხვა ბევრი ტიპური ხელმძღვანელისგან განსხვავებულია.

თუ ადამიანს შეუძლია იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც მისი კოლეგები არიან, თანაბარი, თანასწორი, ინაწილებდეს მათ სამუშაოს და ანაწილებდეს ამოცანებს ისე, რომ მერე ისინი იყვნენ ყველა თავისი თავის ხელმძღვანელი და ურთიერთორგანიზებასაც მისი პირადი ჩართულობის გარეშე ახერხებდნენ, როცა ყველა ერთნაირად მოტივირებული და ორგანიზებულია, ფუსფუსებს და მუშაობს ისე, რომ მიმდინარე ხელმძღვანელობა აღარ სჭირდება, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ხელმძღვანელი ყველაზე საუკეთესოდ ჭრის თავის ამოცანას.

ვინმეს თუ გყავთ ასეთი ხელმძღვანელი ან თუ გინახავთ ასე აწყობილი გუნდი? მოგვწერეთ, გაგვიზიარეთ გამოცდილება.

გაასწორე ფოკუსი

მგონი ბრაიან ტრეისს აქვს ნათქვამი, თუ სწორად მახსოვს, რაც არ უნდა ძვირი იყოს კამერა, იაფს ვერ აჯობებს თუ იმაზე უკეთესად ფოკუსს არ გაასწორებს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ამ ფოკუსის გაუსწორებლად ვმოქმედებთ და ამის გამო ვერც ჩვენს ცოდნას, ვერც გამოცდილებას და უნარებს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ვერც ჩვენი უპირატესობებიდან ვიღებთ სათანადო შედეგს.

თუ მუდმივად შევძლებთ, მივხვდეთ რისი კეთებით ვქმნით ყველაზე მეტ სარგებელს და ვეცდებით ჩვენი დროის 80% ამის კეთებას დავუთმოთ, გაცილებით მკაფიო იქნება ფოკუსი და შედეგებიც ალბათ ბევრად უკეთესი გვექნება.

ქარხანა თუ ორგანიზაცია

შეიძლება ააშენო ქარხანა, მაგრამ ვერ შექმნა ორგანიზაცია. ასეთ შემთხვევაში ეს ქარხანა ან ვერ ამუშავდება ან თუ ამუშავდება კიდევ მალე გაჩერდება და კარგ შემთხვევაში გაიყიდება.

მაგრამ თუ შექმნი კარგ ორგანიზაციას, ის ამ ქარხანას ადვილად ააშენებს თუ დასჭირდება. ააშენებს და აამუშავებს კიდეც.

სამწუხაროდ ბევრი ქარხნის შენებას პირდაპირ ქარხნის შენებით იწყებს და არასაკმარის დროს უთმობს ამ ქარხნის ასაშენებლად და სამართავად საჭირო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რის გამოც ხშირად ვიღებთ შედეგად დაუტვირთავ, გაუმართავ, აუმუშავებელ საწარმოებს. სადაც დანადგარები კი იყიდეს, ჩამოიტანეს და დაამონტაჟეს, მაგრამ ამაზე წინ ვეღარ მიდიან და ამის შენარჩუნებაც ძალიან უჭირთ.

თუ იცით ასეთი საწარმოების შესახებ, რომელიც ააშენეს, ააწყვეს, მაგრამ ვერ აამუშავეს როგორც ორგანიზაცია, მოგვწერეთ.

ღვინის კონსულტანტის ამბავი – როცა შენ ამოცანაში შენ ხარ პირველი პირი

ამას წინათ მეგობრებთან ერთად ერთ ღვინის ბარში შევუკვეთეთ ახალ მიღებული ბოთლის ღვინო, რაც შეიძლებოდა მსუბუქი, საწრუპად. კონსულტანტმა მოგვიტანა ქვევრის ქისი. დიდად ვერ ვერკვევით ღვინოებში. გავსინჯეთ. მე კი მომეწონა, მაგრამ მსუბუქს ნამდვილად არ გავდა, საკმაოდ მძიმე დასალევი იყო და საწრუპად მაინცდამაინც არ გამოდგებოდა. მაგრამ ისეთი გულით მოგვიტანა, გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა. და სხვათაშორის ვკითხე კონსულტანტს, ეს ახლა მსუბუქად ითვლებამეთქი? რაღაცა ცოტა მძიმე ღვინოათქო. კონსულტანმა გაგვიღიმა, ახლავე გამოვასწორებ ამ შეცდომასო. მოგვიტანა საუკეთესო მსუბუქი ღვინო მათი უზარმაზარი ასორტიმენტიდან, საჩუქრად.

მივხვდი რა ბედნიერია ის ადამიანი და სხვებიც, ვინც იქ მუშაობენ. მას არ ეშინია შეცდომის დაშვების, რომ იმის გამო დაისჯება. მისთვის მომხმარებლის კმაყოფილებაა უმთავრესი და ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, ვინმესთან შეთანხმების გარეშე, რადგან ესე ესმის, რომ თავის ამოცანაში ის ყველაზე მთავარი ადამიანია.

  • თარიღი: June 29, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,357-ჯერ

არ კითხო ერთს და არ იკითხო ერთხელ

სამწუხაროდ, როდესაც აზრს მხოლოდ ერთ ადამიანს ვეკითხებით, ან ერთხელ ვიზამთ ამას ძალიან ძალიან როცა გაგვიჭირდება, ეს ყველაფერი დიდი ალბათობით ისე მოგვიბრუნდება, რომ სავარაუდოდ, გულის ტკენას ან დიდ იმედგაცრუებას ვერ ავცდებით.

ერთი მრჩევლის ყოლა ნებისმიერ შემთხვევაში სანანებელი გაგვიხდება, თუნდაც იმიტომ, რომ შეცდომის ალბათობას ზრდის და მისგანაც და გარეშე დამკვირვებლებისთვისაც იმ ადამიანზე დამოკიდებულება არასათანადოდ და არასანდოდ შეფასდება.

ისევე როგორც ერთხელ მიღებულ თუნდაც გენიალურ რჩევას მოყვება მრჩევლისა და სხვა გარე დამკვირვებლების მხრიდან არასახარბიელო კომენტარები.

ასეთმა მიდგომამ შესაძლოა საერთოდ დაგვიკარგოს სურვილი, როდესმე ვინმეს რამე რჩევა ვკითხოთ. მაგრამ თუ ჩვენ ყოველთვის და ყველას ვეკითხებით, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე და ვცდილობთ ასევე ყოველთვის ეს რჩევები გავითვალისწინოთ, გარანტირებულად კარგი შედეგებიც გვექნება და შეფასებაც ბევრად ობიექტური და დადებითი იქნება ყოველთვის.

დიდ ძალისხმევაზე დიდ შედეგს მცირე მაგრამ უწყვეტი ძალისხმევა იძლევა

უწყვეტად, შეუჩერებლად, მონოტონურად დაცემულ წვეთს ნებისმიერი კლდის გახვრეტა შეუძლია. მაშინ როდესაც იგივე კლდეს ვერაფერს უზამდა ნებისმიერი სიდიდის ტალღა.

ზუსტად ასევეა ძალისხმევის და ყურადღების შემთხვევაშიც. ერთჯერადად, სპონტანურად, ფრაგმენტულად რამხელა ძალისხმევაც არ უნდა დახარჯო საკითხზე ან როგორც არ უნდა დააკონცენტრირო მასზე შენი ყურადღება, არაფერი შედეგი არ ექნება ამას იმასთან შედარებით, რასაც მცირე, მაგრამ რეგულარული ძალისხმევა ან ყურადღების კონცენტრაცია იზამდა.

სწორედ ამიტომ, სტრუქტურული გადაწყვეტები, რომელსაც შემდეგში რეგულარული ძალისხმევა მოყვება, უფრო დიდ შედეგს იძლევა, ვიდრე იგივე საკითხების ნებისმიერი სხვა ერთჯერადი გადაწყვეტა, როგორი ჭკვიანური და შემოქმედებითიც არ უნდა იყოს ის.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება