ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ყურადღების სამი აუცილებელი მიმართულება

ყოველ დღე, მაგრამ მართლა ყოველ დღე, ხელმძღვანელი მის ყურადღებას სამი მიმართულებით უნდა ანაწილებდეს წესით:

ა) მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტისკენ – მილიონი ეგეთი მიმდინარე საკითხი შეიძლება ხვდებოდეს ხელმძღვანელთან, საკადრო, ფინანსური, ტექნიკური, კლიენტებთან, მომწოდებლებთან დაკავშირებული და ა.შ.

ბ) მიმდინარე სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა – გაყიდვების გაზრდა, ხარისხის გაუმჯობესება, ასორტიმენტის განვითარება, მომგებიანობის ამაღლება და ა.შ. რას ვშვრებით ამ მიმართულებით რა გეგმები გვაქვს და როგორ გადავჭრათ ეს ამოცანები უკეთესად.

გ) სისტემების განვითარება – ანუ რა გავაკეთოთ, როგორ შევცვალოთ სტრუქტურა, მოტივაციის სისტემები, პროცესები იმისთვის, რომ ხვალ მსგავსი პრობლემები აღარ წამოიჭრას ან ჩვენი ჩარევის გარეშე რომ იჭრებოდეს, სტრატეგიულ ამოცანებსაც სისტემები ჭრიდეს და აღარ იყოს ან მინიმალური იყოს ამაში ხელმძღვანელის მონაწილეობა.

ახალი ამ ჩამონათვალში არაფერია რა თქმა უნდა, და ყველა ხელმძღვანელმა და არახელმძღვანელმაც იცის, რომ ამ სამივე მიმართულებას აუცილებლად უნდა ყურადღების დათმობა.

ჩვენ უბრალოდ იმის თქმა გვინდოდა აქ, რომ საკმარისია რომელიმეს ამ სამიდან საკმარისი ყურადღება არ დაუთმო, რომ დანარჩენზე დახარჯული დრო არ იძლევა რეალურ შედეგს და წყალში გადაყრილი შეიძლება აღმოჩნდეს.

მეტი წყარო მეტი ობიექტური ინფორმაციაა და მეტი უკეთესი გადაწყვეტილება

ხელმძღვანელების საქმიანობის ეფექტიანობას ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად ამცირებს, სისტემური საინფორმაციო წყაროების არ არსებობა ან ნაკლებობაა იმ პრობლემებზე, რომელიც ორგანიზაციაში არსებობს.

სამწუხაროდ ყველა ხელმძღვანელს შეზღუდული წვდომა აქვს ობიექტურ ხარისხიან ინფორმაციაზე, რაც ორგანიზაციის შიგნით არსებულ პრობლემებს უკავშირდება. და ყველა ხელმძღვანელი, რომელიც ამას გრძნობს და ხვდება, აუცილებლად პირველ რიგში სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას უნდა ცდილობდეს.

თუ ვხედავთ, რომ არსებობს საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო, სადაც არსებულ პრობლემებზე ჩვენთან ინფორმაცია არ ამოდის, სასწრაფოდ უნდა შევქმნათ ლეგალური წყარო ასეთი ინფორმაციის მისაღებად. სადაც ვხედავთ, რომ კი ამოდის, მაგრამ ხანდახან გვეჩვენება, რომ ეს ინფორმაცია მთლად ობიექტური არ არის, მაშინ აუცილებლად დამატებითი, ალტერნატიული წყარო უნდა შევქმნათ.

კომპანიის ღირებულება შეიძლება გააათმაგოს მაგარმა გეგმამ

თუ თქვენ თქვენი კომპანიისთვის მოფიქრებული ისეთი გეგმა გაქვთ, რომელიც მხოლოდ მისია და რომელსაც შემდეგი ორი-სამი წლის განმავლობაში თქვენი კომპანიის საქმიანობის მასშტაბის გასამმაგება, გახუთმაგება ან გაათმაგება შეუძლია (და ესეთი გზა ნამდვილად არსებობს ორგანიზაციების უდიდესი ნაწილის შემთხვევაში), მაშინ თქვენი კომპანია უკვე ღირს იმაზე სამჯერ-ოთხჯერ მეტი, ვიდრე ამ გეგმის არ ქონის შემთხვევაში ეღირებოდა.

ასე რომ ცალკე აღებულ გეგმას მნიშვნელოვნად შეუძლია თქვენი კომპანიის ღირებულება გაზარდოს. და თუ ასეთი გეგმა არ გაქვთ, მაშინ პირველ რიგში სწორედ მისი მოფიქრება უნდა დაიწყოთ, თუ თქვენი კომპანიის ღირებულების გაზრდას ისახავთ მიზნად.

და როგორც კი მოიფიქრებთ, აუცილებლად შეგვეხმიანეთ, ფასზე და თანაინვესტირების შესაძლებლობებზე გავისაუბროთ.

ბევრნიც არ ვართ და საქმეც იმდენი არაა, რომ პასუხისმგებლობები გავიმიჯნოთ

ასეთ დროს კი:

როცა რაღაცა არ კეთდება, ან არასათანო ხარისხით ან დაგვიანებით კეთდება, ვერ მოვკითხავთ კონკრეტულად ვერავის.

ჯამში უფრო ნაკლებად წაიწევს წინ ცალკეული მიმართულება, როცა ყველა ყველაფერზე იფიქრებს და გააკეთებს.

და ყველას გაუჭირდება დააგროვოს კომპეტენცია კონკრეტული მიმართულებით და იმის სპეციალისტი გახდეს.

ამიტომ ხელმძღვანელებო ნუ დაიზარებთ ნურც იმაზე დაფიქრებას, თუ როგორ გამიჯნოთ მკაფიოდ თუნდაც 2 ადამიანს შორის პასუხისმგებლობები და ნურც იმას, რომ ეს პრაქტიკაში დაანერგინოთ. ამასთან, პასუხისმგებლობის გამიჯვნა სულ არ უშლის ხელს ერთმანეთს დაეხმარონ, როცა დაჭირდებათ.

ნებისმიერ დაშვებულ შეცდომაზე შენს თავს კითხე, შემდეგში ამაზე ცოტა უკეთ თუ შემიძლია მოვიქცე და გააგრძელე ცხოვრება

პასუხი ყველა შემთხვევაში იქნება კი, რადგან ცოტათი უკეთ ყოველთვის ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია ადამიანებს. ეს მიდგომა უბრალოდ ეხმარება ნაკლები სტრესი შევიქმნათ, არასაჭირო ნერვიულობას და ღელვას მოვერიდოთ, შეცდომების დაშვების არ შეგვეშინდეს, როგორც გაუმჯობესების შესაძლებლობას ისე შევხედოთ და მეტი ყურადღება იმას დავუთმოთ, თუ როგორ უფრო მზად ვიყოთ სამომავლოდ.

თქვენი მიდგომა როგორია შეცდომებზე? როგორც საკუთარ თავთან, ისე ქვეშევრდომებთან?

გაზარდე შენი პარტნიორები

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორგანიზაციამ მისი პარტნიორები უნდა ეცადოს, თვითონ გაზარდოს. ანუ ძლიერი მომწოდებლები და ძლიერი კლიენტები კი არ ეძებოს, არამედ უფრო სუსტები, ისეთები, ვისაც ის უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე პირიქით. ვინც მასთან ერთად ამ თანამშრომლობით უფრო მეტად გაიზრდებიან და უფრო ღირებული და ლოიალური პარტნიორები გახდებიან.

და თუ მაინც არ დარჩებიან, გაიზრდებიან და წავლენ, ან ჩვენთვის არარაციონალურ, არასასურველ პირობებს შემოგვთავაზებენ, ამასაც მხოლოდ მაშინ გააკეთებენ, როცა სხვა გამოსავალი არ ექნებათ. მაშინაც კი მათ ადგილს ბევრი სხვა სიხარულით დაიკავებს, როდესაც ზუსტად ეცოდინებათ, რამდენად კარგი გარემოა ზრდისთვის და როგორია თქვენი პოლიტიკა ამ კუთხით.

თქვენ როგორ ფიქრობთ ?

შეიძლება უკეთესია უთხრა – აჯობებს წახვიდე

როცა თანამშრომელი გეტყვის – თუ არა და წავალ – ალბათ უნდა უთხრა, აჯობებს წახვიდე.

როგორი კეთილშობილურიც არ უნდა იყოს ულტიმატუმის მიზანი ან რამდენად მართალიც არ უნდა იყოს, ადამიანი, რომელიც ასეთ ულტიმატუმს აყენებს, მაინც ეს პასუხი უნდა იყოს წესით ყველაზე სწორი პასუხი. თქვენ როგორ ფიქრობთ?

მე მგონი იმიტომ, რომ ერთხელ გასული ულტიმატუმი ბევრი სხვა ახალი პირობის მიზეზი გახდება, სუბიექტურ მოტივაციაშიც აუცილებლად გადავა და საბოლოოდ მგონია, რომ მაინც წასვლით დამთავრდება. დროში გაწელილი ეს პროცესი კი დატანჯვითაც ყველას დატანჯავს და სხვებსაც აუშლის მსგავსი მეთოდებით მოქმედების სურვილს, და რაც ყველაზე ცუდია, ულტიმატუმებით საუბრის კულტურის დამკვიდრებას წაახალისებს.

ეს კითხვა აუცილებლად დაუსვით თქვენს ხელმძღვანელებს

რა შემთხვევაში ჩათვლი, რომ ძალიან მაგრად ვიმუშავე? – დაუსვით ეს კითხვა თქვენს ხელმძღვანელს, მიუხედავად იმისა რა პოზიციაზე ხართ და გასაგებად რაც არ უნდა პრიმიტიულად მოგეჩვენოთ იმ პოზიციაზე საქმიანობა.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ხელმძღვანელს დააფიქრებს და უკეთ გაააზრებინებს მართლა რა სჭირდება და უფრო მკაფიო ამოცანას დაგისვამთ. თქვენ კი უკეთეს ფოკუსს მოგცემთ მუშაობაში, და კომპანიაში შეფასების რაიმე სისტემის არსებობის მიუხედავად, გეცოდინებათ რა შემთხვევაში შეაფასებენ თქვენს მუშაობას კარგად, რაც პროფესიული ზრდისთვის და კარიერის შემდგომი განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ჩვენი განწყობა პროდუქტის გავლით მომხმარებელზე გადადის

ის, თუ როგორი განწყობით ვაკეთებთ რაღაც საქმეს, ჯერ იმაზე ისახება, რასაც ვაკეთებთ და მერე მისი მეშვეობით იმათზე გადადის, ვინც ამ ჩვენს გაკეთებულს მოიხმარს ან უბრალოდ ეხება.

თუ ჩვენ შფოთში, გაბოროტებული, დაბოღმილი, გამწარებული, ნაღვლიანი ან დასევდიანებული ვაცხობთ პურს, ვჩარხავთ ნაწილს, ვმართავთ ავტომობილს, მიგვაქვს მაგიდასთან, ვცეკვავთ, ვმღერით თუ სასტუმროს ნომერს ვალაგებთ, ზუსტად ასეთ ხასიათზე დგებიან ადამიანები, ვინც ამ პურს მიირთმევს, ამ ნაწილით აწყობილ მექანიზმს იყენებს, ჩვენი ავტომობილით მგზავრობს, რესტორანს სტუმრობს, ჩვენი ნამღერის მოსმენით ან ცეკვის ყურებით ირთობს თავს ან ჩვენს სასტუმროს ნომერში შემოსულა სტუმრად.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველა თანამშრომელი, რასაც არ უნდა აკეთებდეს ის, და რა როლიც არ უნდა ჰქონდეს საბოლოო პროდუქტში, არ აქვს მნიშვნელობა, სასურველია სიხარულით, მსუბუქად, ზრუნვითა და სიყვარულით აკეთებდეს თავის საქმეს, თუ გვინდა, რომ მომხმარებელმაც იგივე იგრძნოს და იგივე განწყობა დაგვიბრუნოს უკან.

გჯერათ, რომ განწყობა პროდუქტზე გადადის? ან ამის მაგალითები ხომარ შეგიძლიათ მოგვიყვეთ რამე?

არ გააკეთო ის, რაც შენ არ უნდა გააკეთო

როცა იმას აკეთებ, რაც შენ არ უნდა გააკეთო, ამით იმასაც უშლი ხელს, ვისაც იმის კეთება ევალება და საკუთარ თავსაც არასაჭირო პრობლემებს და საფრთხეებს უქმნი.

არადა, ადამიანების უმეტესობას, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელებს, თვითონ გვიყვარს იმის კეთება, რაც ვფიქრობთ, რომ კარგად გამოგვდის და რისი კეთებაც სინამდვილეში უკვე სხვას ევალება. ჯიუტად ვაგრძელებთ მის მაგივრად ამ საქმის კეთებას. ვერც ის ვითარდება და სწავლობს თავის საკეთებელ საქმეს და ჩვენც ერთი და იმავე ადგილს ვტკეპნით გაუთავებლად.

თუ ჩვენს თავს სხვების საკეთებლის კეთებას ავუკრძალავთ, მაქსიმუმ მხოლოდ სწავლებისთვის და მაგალითის საჩვენებლად და მეტად არა, მაშინ იმის კეთება მოგვიწევს, რაც გვევალება, როგორც არ უნდა გვეზარებოდეს ეს, და სწავლითაც სწორედ ამის უკეთ კეთებას ვისწავლით შედეგად.

რამდენად თქვენ აცლით ქვეშევრდომებს აკეთონ თავისი საქმე ისე, რომ არ ჩაერიოთ, ან რამდენად თქვენი ხელმძღვანელები მოქმედებენ ასე?

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება