ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ყოველდღე გადადგმული თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი განვითარებისკენ ჩვენს ორგანიზაციას ერთ წელიწადში ძალიან გამორჩეულს გახდის

თუ ჩვენ ყოველდღე ერთ ახალ ნაბიჯს მოვიფიქრებთ ჩვენი ორგანიზაციის განვითარებისთვის, თუნდაც მხოლოდ ერთს, მაგრამ ყოველდღე აუცილებლად, ჩვენი ორგანიზაცია ძალიან განსხვავებული, გამორჩეული და წარმატებული გახდება.

ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა იმიტომ ვერ აღწევს წარმატებას, რომ ხელმძღვანელები მისი განვითარებისთვის ვერ ვიცლით. მხოლოდ როცა ძალიან გართულდება საქმე, რამე გაფუჭდება ან მნიშვნელოვნად გაუარესდება მდგომარეობა, მაშინ ვნახულობთ დროს, რომ დავჯდეთ და დავფიქრდეთ რა ვუშველოთ, როგორ გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. ეს ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო რთულია, მაგრამ საბოლოოდ როგორც წესი კი გამოდის მაინც. ასეთი მიდგომა განვითარებას ციკლურს ხდის.

მაშინ როდესაც თუნდაც ერთ პროაქტიულ ნაბიჯს ყოველ დღე მიმართულს ორგანიზაციის განვითარებისკენ განვითარების პროცესი შეუძლია რუტინული გახადოს და ციკლურიდან უწყვეტ პროცესად აქციოს, რასაც შეუძლია დროში ისეთი საკითხების დახვეწამდე მიაღწიოს, რაზეც ციკლურ რეჟიმში მენეჯმენტი არასოდეს დაფიქრდებოდა და ორგანიზაციაც სულ უფრო სრულყოფილი გახდება ნელ-ნელა.

საქმე, რომელიც გაიძულებს შენს თავში პოზიტიურ ცვლილებებს, ალბათ ყველაზე კარგი საქმეა

პოზიცია, სტატუსი, პასუხისგებლობა, როლი, რომელიც გაიძულებს შენს თავში რაღაც შეცვალო იმისთვის, რომ ის უკეთ შეასრულო და ეს ცვლილება პოზიტიურია, ძალიან მაგარია და სადამდეც ასეა ალბათ, იქამდე მინიმუმ ღირს იმ პოზიციაზე გაჩერება.

საკუთარ თავში, მიდგომებში, თვისებებში, საკუთარ ჩვევებში რაიმეს შეცვლას დიდი ძალისხმევა, მონდომება სჭირდება, მაგრამ ძალიან მყარია თუ ის მოხდა, ჩემი აზრით. და სამსახური, საქმე, რომელიც ასეთი ტიპის პოზიტიურ ცვლილებას გაიძულებს საქმიანობის პარალელურად, განსაკუთრებით დასაფასებელია ის გარემო, სამადლობელია ის ადამიანები, ვისთან ერთადაც გიწევს მუშაობა.

და როგორც კი დგება პერიოდი, როცა ცვლილება აღარ გიწევს საკუთარ თავში, მემგონი ჯობია ეძებო სხვა ადგილი, სადაც ამის არათუ საშუალება გექნება, არამედ მაგის გარეშე ვერც იმუშავებ.

როგორც პირველმა პირებმა, ისე საკადრო ბაზის და ორგანიზაციულ განვითარებაზე მზრუნველმა ადამიანებმა ალბათ განსაკუთრებით უნდა ეცადონ რომ ეს პოზიტიური ცვლილებები რაღაცნაირად გაითვალისწინონ სტრუქტურის თუ კულტურის შექმნისას ორგანიზაციაში.

რას შვრები, მითხარი აბა რა გეგმები გაქვს? მე როგორ დაგეხმარო

რას შვრები, აბა რა გეგმები გაქვს მითხარი, როგორ დაგეხმარო? – ალბათ ყველაზე ხშირად დასმული და ყველაზე სასარგებლო კითხვაა რასაც ჩვენ, ხელმძღვანელები ჩვენს თანამშრომლებს ვუსვამთ. ეს კითხვა ჩვენ გვეხმარება ვიცოდეთ რა ხდება, ჩვენს თანამშრომლებს ეხმარება საკუთარი გეგმები უკეთესად გაიაზრონ და ჩვენგან მათთვის მნიშვნელოვანი, საჭირო დახმარება მიიღონ.

რაც უფრო ხშირად, რაც უფრო მეტ ადამიანს ჩვენს გარშემო ვუსვამთ ამ შეკითხვას, მით მეტი ადამიანი იწყებს უფრო პროდუქტიულად მუშაობას და გაცილებით მეტი მოტივაციით აკეთებს საკუთარ საქმეს და დროთა განმავლობაში ჩვენც უფრო და უფრო პროდუქტიულს გვხდიან და გვეხმარებიან თვითონაც.

ვისაც არ გიცდიათ აუცილებლად სცადეთ. ვისაც გიცდიათ, იქნება გაგვიზიაროთ გამოცდილება.

ახლა მაგის დრო არ არის, მერე გავაკეთოთ

ხშირად ხელმძღვანელები იმის შიშით რამე არ გაფუჭდეს და ახალი თავის ტკივილი არ გაიჩინონ, თანამშრომლებს ინიციატივებით გამოსვლისგან და მათი განხორციელებისგან აკავებენ. “კარგი აზრია ძალიან, ახლა ჯერ ამას მივხედოთ და მერე გავაკეთოთ აუცილებლად” – ამ შინაარსის ფრაზებით ირიდებენ თავიდან.

განსაკუთრებით, როცა იმ ადამიანებს ეხებათ ეს, ვინც მაინცდამაინც ინიციატივებით არ გამოირჩევიან და რაღაც ძალით ახლა გაეხსნათ და გამოთქვეს აზრი ეს გავაკეთოთო, განსაკუთრებით ალბათ მათი შეკავებით კარგავენ ბევრ შესაძლებლობას ხელმძღვანელები. მეორედ ეს ადამიანები ხმის ამომღები არ არიან და მერე პრეტენზიაც ექნებათ ხელმძღვანელებს – არაფერი იდეები არ აქვთო.

დაფასებითაც ისეთ ხელმძღვანელს უფრო აფასებენ, ვინც მხარს უჭერს თანამშრომლის წინადადებებს, მათთან ერთად იზიარებს რისკსაც და თუნდაც სულელურ, მაგრამ გულიდან წამოსული იდეების განხორციელებაში ეხმარება.

რა როლი აქვს პარტნიორს

კომპანიის განვითარებაში უდიდესი როლი ენიჭება კარგ მმართველობას. იერარქიულად რა თქმა უნდა ყველაფერი აქციონერთა / პარტნიორთა კრებით იწყება, რომელიც შემდეგ თავის გარკვეულ უფლებებს ადელეგირებს სამეთვალყურეო საბჭოზე, შემდეგ დირექტორატზე და საბოლოოდ მენეჯმენტზე.

აქ მინდა ხაზი გავუსვა კარგი პარტნიორის როლს კომპანიის განვითარებაში, მით უმეტეს თუ ერთ-ერთი პარტნიორი მმართველი პარტნიორია.

პარტნიორთა კრება და სამეთვალყურეო საბჭო საუკეთესო ფორმატებია, სხვა ჰორიზონტალურ სტრუქტურებთან ერთად, სადაც პარტნიორებს შეუძლიათ იმსჯელონ კომპანიის განვითარებისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე და სწორედაც დიდი ბედნიერებაა, როდესაც თქვენი პარტნიორი თქვენსავით გულანთებულია, მზად არის იმსჯელოს სტრატეგიულ საკითხებზე, გაიზიაროს პასუხისმგებლობა, დაკონცენტრირდეს დეტალებზე და მაქსიმალურად გაუზიაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება მენეჯმენტს.

სამწუხაროდ ხანდახან ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც პარტნიორი არ მოგვყვება მსჯელობაში, არ ინაწილებს პასუხისმგებლობას და არ გვიზიარებს თავის ცოდნას და გამოცდილებას.

ისეც ხდება, როდესაც საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჯიუტად არ ითვალისწინებს დანარჩენი პარტნიორების აზრს, რითაც საბოლოოდ კომპანიას, საკუთარ თავს და პარტნიორებს აზიანებს.

ვფიქრობ არ არის რთული მისახვედრი სამი შემთხვევიდან, რომელი კომპანია იქნება წარმატებული.

მომხმარებლის, კლიენტის სიყვარულს, მათი გახარების სურვილს, მათზე ზრუნვას საოცარ იდეებამდე შეუძლია მიგვიყვანოს

როდესაც გინდა, რომ გაყიდო მეტი, მოგება მიიღო მეტი, სულ სხვა იდეები მოგდის თავში. მაგრამ როდესაც მოინდომებ კლიენტები, მომხმარებლები გაახარო, მათთვის რაღაცა განსაკუთრებული სარგებელი შექმნა, ბევრად უფრო განსხვავებული, საინტერესო და განხორციელებაშიც უფრო სასიამოვნო იდეები იბადება ამ დროს.

თუ თანამშრომლებში კლიენტების სიყვარულს, მათზე ზრუნვის გრძნობას გავაჩენთ, ისინი ბევრად შემოქმედებითები გახდებიან და საკუთარ საქმესაც მეტი სიამოვნებით გააკეთებენ სავარაუდოდ.

პირველი პირის კომუნიკაცია თანამშრომლებთან

როცა პირველ პირს თუნდაც დისტანციური, მაგრამ პირდაპირი კომუნიკაცია არ აქვს თანამშრომლებთან, რაც არ უნდა ბევრი ადამიანი მუშაობდეს, მაშინ როცა ორგანიზაციას მნიშვნელოვანი პრობლემები, გამოწვევები ან გარდამტეხი ცვლილებების ეტაპი აქვს, დიდია იმის ალბათობა, რომ რაღაცები არასწორად გაიგონ, ყველამ თავისი დასკვნა გააკეთოს მიმდინარე მოვლენებზე და ზოგმა აქედან გამომდინარე ან თვითონ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება ან კოლეგას მიაღებინოს ან ამ ცვლილების პროცესს შეუშალოს ხელი.

ამიტომ, ამაზე ხელმძღვანელის მხრიდან დროის დანანება არ ღირს, არც პრობლემებზე გახსნილად საუბრისგან თავის არიდება, პირიქით ამაზე პირდაპირი კომუნიკაცია არა მარტო სწორ ინფორმირებას მოემსახურება, არამედ ცვლილებების განხორციელების პროცესში მეტ მხარდაჭერასაც იგრძნობს ხელმძღვანელი.

ვინ ღუპავს ორგანიზაციას

ორგანიზაციას არაკომპეტენტურ თანამშრომლებზე მეტად ის თანამშრომლები ანგრევენ, ვინც ფიქრობენ რომ აქედან არაფერი გამოვა, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ ამის შესაცვლელად და არც მიდიან. ხელმძღვანელების დასანახად ისინი “მუშაობენ”, საქმეში ჩაფლული არიან, წინააღმდეგობას არაფერში გიწევენ, ძალიან საქმიანი იმიჯი აქვთ, მაგრამ იმის იქით მუდმივად რაღაცას ხლართავენ, გულში სასაცილოდ არ ყოფნით სხვების მონდომება და “კურილკაში” სხვებს წამლავენ თავისი განწყობით.

ამას გვერჩივნოს არაკომპეტენტური, მაგრამ ისეთი ადამიანები, ვისაც სჯერა რასაც აკეთებს რომ გამოვა, ვისაც მონდომება აქვს რაღაცა გამოიყვანოს, თუნდაც ბევრი შეცდომის დაშვებით, ვიდრე ზემოთ მოყვანილი საქმიანი თანამშრომლები.

ანგარიშების წარმოდგენის ნაცვლად თანამშრომლებს გეგმების წარმოდგენა რომ ვთხოვოთ

ხშირად თანამშრომლებს მათი პროდუქტიულობა რომ გავზარდოთ ვთხოვთ ყოველ დღე ან ყოველ კვირა გაკეთებული საქმის ანგარიში წარმოგვიდგინონ.

თუ ჩვენ ადამიანებს მომავალი დღის, კვირის ან თვის გეგმის წარმოდგენას ვთხოვთ და მის დახვეწაში და გაუმჯობესებაში დავეხმარებით, ამით გაცილებით მეტად შეიძლება შევუწყოთ ხელი მათი პროდუქტიულობის ამაღლებას.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გეგმის გააზრებისთვის დროის გამოყოფა გვიჭირს და თუ რაღაც გარემოება ან პროცედურა გვაიძულებს ამას საკმარისი დრო დავუთმოთ, მის კეთებას მივეჩვიოთ და ხელმძღვანელები კი დავეხმარებით გავაუმჯობესებინოთ თანამშრომლებს გეგმები, ამით უფრო გავზრდით მათ პროდუქტიულობას, ვიდრე დრო იმაზე დავახარჯინოთ რაც უკვე გავლილია ის როგორ ლამაზად წარმოგვიდგინონ.

სადამდე უნდა მოითმინონ ხელმძღვანელებმა, როდის დადებენ თანამშრომლები შედეგებს

იქამდე, სანამ გვინდა, რომ ეს სწორედ ამ ადამიანებმა გააკეთონ, სანამ ამ სურვილში დარწმუნებული ვართ, ხელმძღვანელებს დიდი მოთმინების ტვირთი აქვთ. იმ პასუხისმგებლობის და წნევის ფონზე, რასაც ისინი განიცდიან შედეგების მიღწევის ვალდებულებიდან გამომდინარე, ეს ურთულესია. განსაკუთრებით, როცა შედეგების მიღწევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ წნევას ხელმძღვანელები და თანამშრომლები სულ სხვადახვა ხარისხით განიცდიან, მაგრამ რეალურად შედეგზე მთავარი გავლენა თანამშრომლებს აქვთ.

ამ დროს დაიცვა ზომიერება, საკმარისი წნევა შეუქმნა თანამშრომლებს, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და კარგი გაგებით დაიძაბნონ შედეგებისთვის და თან ეს ისე გააკეთო, რომ მათთვის დამთრგუნველი არ იყოს და პირიქით გაინაწილონ ხელმძღვანელის წნევა და ერთად ეცადონ შედეგის მიღწევას, ძალიან ძალიან რთულია. მაგრამ ალბათ იქამდე, სანამ იმ შემადგენლობით აქვს ხელმძღვანელს გადაწყვეტილი შედეგის მიღწევა, ამის მოთმენა უწევს.

მსგავსი გამოცდილება თუ გქონიათ გაგვიზიარეთ და თუ რამე რჩევები გაქვთ ასეთი ხელმძღვანელებისთვის.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება